მაღლაფერიძე ე.წ. შავ სიებზე: ეს არის აბსურდი, მსგავსი რამ გამორიცხულია

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობს. დღეს საბჭოს წევრობის მსურველებთან კომისია გასაუბრებას მართავს.

ვასილ მაღლაფერიძეს გასაუბრებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა „შავ სიებთან“ დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. მაღლაფერიძის თქმით, „შავ სიებთან“ დაკავშირებული ინფორმაცია აბსურდულია, თუმცა „თუ ხელშესახები საბუთი შემოვა, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ.“

„ეს არ არის რთული კითხვა. ეს არის აბსურდი. ვინც იცის ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა და ტელევიზიის სტრუქტურა, ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან ამ ტელევიზიაში 1200-მდე ადამიანი მუშაობს; უამრავი მიმართულება და გადაცემაა; მუშაობს ბევრი პროდიუსერი…

რა უნდა განვიხილოთ ყოველგვარი საბუთის გარეშე ?! მე შემიძლია განვიხილო, რომ ჩემს წინაშე დევს ბოთლი და წყალი, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ იქნება რამე წარმოდგენილი, რასაკვირველია, ამას ისედაც განვიხილავ, თუმცა, ჩემი ინტუიციით, გამოცდილებით, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული სიტუაცია. ჯერჯერობით, ვინც გაჟღერდა „შავ სიებთან“ დაკავშირებით, ეს არის ძალიან შორს რეალობიდან. ჯერ ერთი უამრავი ადამიანი დადის გადაცემებში და თუ მართლაც მთელი „შავი სიები“ პირველი არხისა არის ის, რომ პატივსაცემი მხატვარი გადაცემაში არ მიიწვიეს…“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ არხზე შესაძლო ცენზურისა და „შავი სიების“ შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.

კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემის გუნდის წევრთა ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც გამოეხმაურა და მოკვლევის გარეშე ჟურნალისტთა განცხადებებს „რეპუტაციის შემლახავი“, „ცილისმწამებლური“, „უსაფუძვლო“, „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.

თითქმის ერთი თვის თავზე, 25 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტებმა იმ პირთა სია გამოაქვეყნეს, რომელთა ჩაწერაც გადაცემის მენეჯმენტისთვის სასურველი არ იყო; დასახელდა შესაძლო ცენზურის კონკრეტული შემთხვევებიც.