მაღლაფერიძე ფიქრობს, რომ მაუწყებლის მიუკერძოებლობის დაცვაში პოლიტიკური გამოცდილებაც დაეხმარება

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, რომელიც ამჯერად მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს, კომისიის წევრებმა გასაუბრებაზე არაერთი შეკითხვა დაუსვეს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოცდილება, პირიქით, მაუწყებლის მიუკერძოებლობის დაცვის საქმეში დაეხმარება.

მისივე თქმით, მაუწყებლის მიუკერძოებლობის დაცვაში ბორდის როლი უნდა გაძლიერდეს და თუ ამ კუთხით ეჭვი გაჩნდა, საბჭოს პასუხისმგებლობაა მისი მოკვლევა.

„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ საბჭომ გამოკვეთოს და გააძლიეროს მეთვალყურეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობაზე. ჩვენს პოლარიზებულ საზოგადოებაში ეს რთული საკითხია. საბჭოს წევრები უნდა იყვნენ მაკონტროლებლები, თუ რაიმე კითხვის ნიშნები რჩება და ეს ნიშნავს, რომ, სანამ ნებისმიერი დაიწყებს საზოგადოებიდან საუბარს, პირველ რიგში საბჭომ უნდა გასცეს პასუხი. ამ მხრივ, მივიჩნევ, რომ სამეურვეო საბჭოს ძალიან მნიშვნელოვნად აქვს ეს პოზიცია გასაძლიერებელი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ შეკითხვაზე, „ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მისი ყოფნის გამოცდილება ხომ არ შელახავს საბჭოს როგორ პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანოს სტატუსს საზოგადოების თვალში, უპასუხა, რომ სადაც ის მუშაობს, იქ ობიექტურობას ყოველთვის ინარჩუნებს.

„მე მაქვს პრეტენზია, რომ, სადაც ვმუშაობ, იქ ვარ ობიექტური და არ გამოვხატავ… ვერ ნახავთ ასეთ ფაქტს, მაგრამ, რასაკვირველია, სტერილური ადამიანი არ არსებობს და არასოდეს ვმალავ ამას. მე მქონდა პოზიცია და გამჭვირვალე ვარ საზოგადოების წინაშე, ნათელია, მე სადაც ვიყავი, რასაც ვუჭერდი მხარს პოლიტიკურად, მაგრამ ამავდროულად ჩემ უკან დგას ის განვლილი პერიოდი და დასკვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და ამ დასკვნებში ჩემი წვლილიც არის – საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ეს არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტელევიზია.“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, მიუკერძოებლობაზე ზრუნვას „ამ პოლიტიკური სპექტრში გამოცდილება ხელს შეუწყობს“.

„ზეწოლას გამოვრიცხავ და ვერანაირ ბერკეტს ვერ ვხედავ, როგორ უნდა მოხდეს მაუწყებელზე ზეწოლა და ეს მგონია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დიდი ნაბიჯები გადადგა და რომ არ მოგატყუოთ, ახლა არც იმ ასაკში ვარ, რომ თანამდებობრივი კარიერისთვის ვიღწვოდე. საზოგადოების წინაშე გპირდებით, რომ ეს ასე არ იქნება. არ მგონია, რომ მაინც და მაინც ჩემზე ვინმეს ეს ზეწოლა გამოუვიდეს, ნებისმიერი მხრიდან ვამბობ და ამაში მე ჩემს როლსაც ვხედავ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძე აჭარის მაუწყებლის თემასაც შეეხო. „მართალი გითხრათ, მე არ ვიცი ფერება და საარჩევნო ლაპარაკი და ორი ბორდის საკითხი, როცა მე დირექტორი ვიყავი, მაშფოთებს, მოუქნელია და არ მომერიდება, რომ ვთქვა, რომ ეს საკითხიც უნდა გადაიჭრას. ამას თავისი ისტორია აქვს და ხელოვნურად შეიქმნა ეს ორი ბორდი. არის ერთი ბორდი და კიდე მეორე ბორდია, აქაც საჭიროა რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და ეს ბევრ ფორმალობას აგვაცილებს“.