მაია ასათიანი: ME TOO, ოღონდ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს

პუბლიკა

ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი მაია ასათიანი Instagram-ზე წერს, რომ ისიც გამხდარა სამსახურში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

„პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს, რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ… მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ, თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოკრავ თვალს სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული აქვს, ცდილობ არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო… მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ…

რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ რომ როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემს გარშემო ამ მამაკაცის შევიწროვებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიხულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! ME TOO!!! ოღონდ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!” – წერს მაია ასათიანი.


კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განმარტება 2019 წლის მაისიდან გაჩნდა. სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში ადმინისტრაციული წესით ისჯება და სანქციებს ითვალისწინებს. ხოლო სამუშაო ადგილზე ამის კონტროლი თავად დამსაქმებელსა და სახალხო დამცველს ეკისრება.

კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

  • საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – 500 ლარით.
  • იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
  • ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.