მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება „ქართული დიპლომატიური სამსახურის შედეგიანი მუშაობის დასტურია“.
ამის შესახებ მან სამთავრობო ტელეარხ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო მიესალმება ნაურუს გადაწყვეტილებას და უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე დაიწყოს მუშაობა.
მინისტრის განცხადებით, „საქართველოს არაღიარების პოლიტიკა მუდმივ და ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან, მისი თქმით, „რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს ე.წ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკის გაფართოებას“.
„ამ შემთხვევაში ნამდვილად ქართული დიპლომატიური სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი შედეგი იქნა მიღწეული. ჯერ კიდევ არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ე.წ. აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას და ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი დიპლომატიური სამსახურის დღის წესრიგში აქტიურად დგას“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
30 ივლისს კუნძულოვანმა სახელმწიფო ნაურუმ უკან გაიწვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
მანამდე 21 ივლისს ნაურუმ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაურუმ ეს გადაწყვეტილება იძულებით, უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის პირობებში იქნა მიღებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა გადაწყვეტილებას, რომელიც ნაურუმ 2026 წლის 21 ივლისს მიიღო.
რუსეთმა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა, საქართველოში რუსეთის ომიდან რამდენიმე კვირაში.
ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ამ დროისთვის მსოფლიოს სულ 4 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის რუსეთთან ერთად აარის სირია, ასევე ვენესუელა და ნიკარაგუა.