მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციას იწყებს 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უწყებაში რეორგანიზაციას იწყებს.

თანამშრომლებმა უკვე მიიღეს ახალი სტრუქტურული სქემა და რეორგანიზაციის ბრძანება.

„რადიო თავისუფლების” ცნობით, დოკუმენტში, რომელიც თანამშრომლება მიიღეს, წერია, რომ:

  • გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ“;
  • „გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები“;
  • „შეიქმნება ოთხი პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს“.

დღეს, 1 მაისს კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატის გაუქმებას და 250 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.

გეგელიას განცხადებით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც განცხადებით დაგმეს „ქართული ოცნების” 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.

„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყოფო ინფორმაცია, რომ უწყებაში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი უქმდება.

„ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს”.

„თავის მხრივ, ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-მუხლის” ინფორმაციით:

ბოჭორიშვილის მიერ თანამშრომლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს ახალი სტრუქტურა:

  • დამტკიცდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ;
  • ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან.

პროფკავშირის შეფასებით, საგანგაშოა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური მიმართულებები, როგორიცაა:

  • ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება;
  • აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები,ახალ სტრუქტურაში წარმოდგენილია დაკნინებული ფორმით.

პროფკავშირის თანახმად, ეს მიმართულებები, რომლებიც აქამდე ცალკე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შედიოდა და მინისტრის მოადგილეების უშუალო დაქვემდებარებაში იყო, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ერთიანდება ახალ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში, რომელთა მიზანია, როგორც მინისტრის წერილშია აღნიშნული, „სუვერენული საგარეო პოლიტიკის გამტკიცება“.

აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად:

  • აშშ-სთან ურთიერთობა განიხილება გლობალური საკითხების ჭრილში;
  • ნატო – რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კონტექსტში;
  • ევროკავშირი – ევროპასთან ურთიერთობის ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უქმდება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი — სტრუქტურული ერთეული, რომლის არსებობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და რომელიც უკიდურესად მოწყვლადია საინფორმაციო ოპერაციების მიმართ, კატეგორიულად აუცილებელია.

პროფესიული კავშირი აგრძელებს პროცესის მონიტორინგს და იბრძოლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა უფლებებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად”. – წერს პროფკავშირი.