მახარაძე კანონით ქუჩაში ქცევის წესების დარეგულირებას ითხოვს

პუბლიკა

ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა.

პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ქვია. სადამფუძნებლო ყრილობა „ექსპო – ჯორჯიაში“ გაიმართა.

დელეგატებმა პარტიის ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოები აირჩიეს. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ მახარაძე. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია. პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს გიორგი ქარდავა.

ყრილობის დასრულების შემდეგ ზურაბ მახარაძემ რუსეთთან ურთიერთობაზე და 5 ივლისთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, პარტიის მიზანია, საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად დამყარდეს ქრისტიანული დემოკრატია.

„კანონების სივრცე ამ ქვეყანაში უნდა დარეგულირდეს ქრისტიანული მორალიდან და კულტურიდან გამომდინარე. პირველივე საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩავერთვებით. ჩვენ ვართ მზად. უნდა ავაშენოთ სრულფასოვანი პარტიული სტრუქტურა. „ – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები კრემლშია და არა ვაშინგტონში.

„ჩვენი პრაგმატული ხედვაა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთის ფედერაციას. თუ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მივდივართ, ჩემთვის ეს საკმარისი საფუძველია ვთქვა, რომ არ ვწევრიანდები ნატოში და თუ რუსეთთან ვლაგდები აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, მაშინ რუსეთის უსაფრთხოების სივრცეში ინტეგრაციაზე თანახმა ვარ.

კონკრეტული კონტაქტებია და კონკრეტული ვიზიტები განხორციელდება უახლოეს პერიოდში და მარტივად გაიგებთ. სწორი ტონი არაა წინასწარი ანონსი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ბევრად მარტივად არის საქმე ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. თუ აქედან არის სტრატეგიული მზაობა საუბრის, დამიჯერეთ რომ იქიდანაც არის ამის მზაობა.“ – თქვა ზურაბ მახარაძემ.

ზურაბ მახარაძის თქმით, 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობისკენ არ მოუწოდებია და იცავდა ღირებულებებს.

 „თუ დაიწყებთ ეგეთის კეთებას, კონსერვატორული საზოგადოება ისევ გამოვა, დავაორგანიზებთ ხალხს და დავიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი იდენტობაა. ჩემთვის პატივია ჩავჯდე ციხეში იმ ღირებულებების დაცვისთვის, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტია. სირცხვილიას ოფისში რაც მოხდა ეგ ხალხის მღელვარების ფონზე მოხდა.“ – განაცხადა ზურა მახარაძეს.

ზურა მახარაძემ ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა. ისაუბრა კანონში ცვლილებების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია კანონი, რომელიც ქუჩაში დაარეგულირებს ქცევის წესებს.

„მისაღებია საკანონმდებლო აქტი. საკუთარი სექსუალური იდენტობის საჯარო დემონსტრაცია, მნიშვნელობა არ აქვს ჰომოსექსუალები იქნებიან, ჰეტეროსექსუალები .. საერთოდ ფეხებზე მკიდია. კაცები რომ გამოვიდნენ პლაკატებით ქალები როგორ უყვართ, ჩემთვის ეგეც ისეთივე ამორალური მსვლელობაა როგორც მაგათი.

მოდით ქუჩაში ქცევის წესები განვსაზღვროთ კანონით და აღარც ჩვენ მოგვიწევს თავზე ხელის აღება და საკუთარი ჯანმრთელობის და თავისუფლების ხარჯზე ღირებულებების დაცვა“ – განაცხადა მახარაძემ.


შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია (თავმჯდომარე), ზურაბ მახარაძე (თავმჯდომარის მოადგილე), შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებულია altinfocom@gmail.com.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.