„მაია გომური საქართველოს პარლამენტისა და შს მინისტრის წინააღმდეგ” – 20 ივნისის დაზარალებულმა, მაკო გომურმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
გომური „პოლიციის შესახებ“ კანონის და შს მინისტრის ბრძანების იმ ნორმების გაუქმებას ითხოვს, რომლებიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას ანიჭებს.
„თუ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძიებს საქმეს, შენ მაინც უნდა დააძალო, რაღაც მაინც გააკეთოს, რაღაც პასუხისმგებლობა და ვალდებულება იგრძნოს შენ წინაშე… ამის გაკეთება [სარჩელის შეტანა] იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვხედავდი, შსს არ იძიებდა საქმეს… არანაირი ძვრა არ იყო… გადავწყვიტე სხვა ძალისთვის მიმემართა, რომ ეგოთ პასუხი.
მჭირდება იმის გარანტია, რომ თუ მომავალში, სახელმწიფო არ დამეხმარება, ჩემით შევძლო ყველაფრის მკურნალობა..”, – უთხრა გომურმა „რადიო თავისუფლებას”.
დაზარალებულის ინტერესებს საია იცავს. საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ოქტომბერში მიმართა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეზინის ტყვიის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღდმდეგება, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ჯერ გამოიყენოს რეზინის ტყვია, ხოლო შემდეგ აკუსტიკური საშუალება, მაშინ, როდესაც რეზინის ტყვია უფრო დამაზიანებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ვიდრე აკუსტიკური საშუალება.
პოლიციამ რეზინის ტყვია მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როცა აკუსტიკური საშუალების გამოყენებით ძალადობრივი ქმედება ვერ იქნება აღკვეთილი. ამასთან, რეზინის ტყვიის გამოყენება არ არის შემოფარგლული მხოლოდ იმ შემთხვევით, როცა პოლიციის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. კანონმდებლობა არ ადგენს, რომ პოლიციამ რეზინის ტყვია გამოიყენოს მხოლოდ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამგვარ საფრთხეს ქმნის და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივ ქმედებას არ სჩადიან”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა [„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი] ითვალისწინებს რეზინის ტყვიების გამოყენებას მაშინაც, როცა დასაკავებელი პირის ქმედებით არავითარი საფრთხე არ ექმნება არც პოლიციის, არც გარეშე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობას.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანების ნორმატიულ შინაარსს, საია მიუთითებს, რომ ამ ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენებას კონსტიტუციურად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამგვარი ჭურვისათვის დადგენილი იყოს სროლის არა 20 მეტრიანი მინიმალური მანძილი, არამედ უფრო მეტი – სამიზნიდან მინიმუმ 50 მეტრიანი დისტანცია. რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიისაგან განსხვავებით, სხვა არალეტალურ ჭურვებთან მიმართებაში 20 მეტრიანი მანძილი კონსტიტუციურია და შესაბამისად, ამ სარჩელით არ არის სადავო.
მაკო გომურმა თვალი 2019 წლის 20 ივნისის აქციის ანტირუსული დაშლის დროს დაკარგა. ის პარლამენტის წინ სხვა მოქალაქეებთან ერთად რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში დაჯდომას აპროტესტებდა.
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქცია ძალადობრივად დაშალა. შს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები.