ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს - მაკო გომური

პუბლიკა

„რის გამო? ან ვის გამო? ან ვინ? ან რატომ? რას ვუშავებდი? რას ვაშავებდი?“- ამ კითხვებს სვამს სოციალურ ქსელში მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა.

მაკო გომური იხსენებს, როგორი იყო მისი ცხოვრება 2019 წლის 20 ივნისამდე და რა შეიცვალა მას შემდეგ. ის ამბობს, რომ 20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაუჩნდა და ყველა ფეხის ნაბიჯზე უსამართლობას აწყდება.

„მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.
რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი. ისიც ვიცი,ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან,ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს. რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან,ხმა რომ არ ამოაღებინეს. რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს. რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისენი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს. და როდემდე? ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას? მე არ ვაპირებ. თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე,ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს,რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო”, – წერს მაკო გომური.

მაკო გომური თავის სტატუსში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, რომელიც შარშან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

„გახარია, რამდენიც არ უნდა იძახო, რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება, რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში, ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლოვებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის, რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო”, – წერს გომური.

20 ივნისი20 ივნისი20 ივნისიმთელი ერთი წელია,ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში.ბევრ რამეს ვუშვებ,ბევრ რამეზე…

Posted by მაკო გომური on პარასკევი, 19 ივნისი, 2020

2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.