საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეხმაურება პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების განახლების შესახებ.
მაკრონი ამბობს, რომ წინადადება „პირველი ნაბიჯია, თუმცა საკმარისი არაა“.
მისი თქმით, ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უნდა უძღოდეს წინ და პუტინი დროის მოგებას ცდილობს.
„განსაზღვრებით, ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უძღვის წინ […] პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება მაინც სურს“, — უთხრა ჟურნალისტებს ემანუელ მაკრონმა პოლონეთში, უკრაინიდან დაბრუნებისას.
გუშინ ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდნენ.
ჩასვლამდე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ ისინი კიევში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად დადგებოდნენ და სრულ და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას გააკეთებდნენ.
ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.
განცხადებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და პუტინის წინადადება დადებითად შეაფასა.
პუტინის წინადადებაზე უკრაინას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.