პუტინი უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

პუბლიკა

ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.

პუტინის თქმით, მოლაპარაკებები მიმართული იქნება ომის ძირეული მიზეზების აღმოფხვრასა და „გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობის“ აღდგენაზე.

„ვთავაზობთ კიევს პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ვთავაზობთ ხელისუფლებას მოლაპარაკებების განახლდეს უკვე ხუთშაბათს, სტამბოლში“, — თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ კვირას თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ  ერდოღანთან მოლაპარაკებების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრებს.

„ჩვენი წინადადება, როგორც ამბობენ, მაგიდაზეა. გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობენ პირადი პოლიტიკური ამბიციებით და არა ხალხის ინტერესებით“, — თქვა პუტინმა.

განცხადებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი პუტინის წინადადებას დადებითად აფასებს.

„პოტენციურად შესანიშნავი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! იფიქრეთ ასიათასობით ადამიანის გადარჩენაზე, რადგან ეს დაუსრულებელი „სისხლის აბაზანა“ იმედია დასრულდება“, — თქვა ტრამპმა.

პუტინმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ მოუწოდა, რომ დათანხმებულიყო უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ახალი სანქციები დაეკისრებოდა.

თუმცა, პუტინმა უარყო, რომ მისი წინადადება იყო შედეგი „ზოგიერთი ევროპული ძალისა, რომ ულტიმატუმები წამოეყენებინათ“.

პუტინის შეთავაზებაზე უკრაინას ჯერ არ უპასუხია.