მაკრონის თქმით, ჯარების გაგზავნაზე მისი კომენტარი „აწონილი და ნაფიქრი" იყო

პუბლიკა

უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ კრიტიკის მიუხედავად, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მისი კომენტარი იყო „აწონილი, ნაფიქრი და გაზომილი”.

„ეს საკმარისად სერიოზული საკითხია – თითოეული სიტყვა, რასაც ამ საკითხზე ვამბობ არის აწონილი, ნაფიქრი და გაზომილი”, – განაცხადა მან.

გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საჯაროდ პირველად ისაუბრა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის ალბათობაზე და თქვა, რომ ამ საკითხს არ გამორიცხავს. აქვე, მან მიუთითა, რომ ამ ნაბიჯზე, ამ ეტაპზე, კონსენსუსი არ არსებობს. მან აღნიშნა ისიც, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ის გამოსადეგია”.

მაკრონის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებაშიც. ევროპის ლიდერებმაც მალევე უარყვეს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას განიხილავენ. კომენტარი გააკეთა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს.

ამას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც დასავლეთი „ტრაგიკულ შედეგებზე” გააფრთხილა.

„ჩვენ გვახსოვს მათი ბედი, ვინც კონტინგენტები გამოგზავნა. ახლა ინტერვენციის შედეგები უფრო ტრაგიკული იქნება. ჩვენც გვაქვს ისეთი იარაღები, რომლებითაც მათ ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმა შეგვიძლია”, – თქვა პუტინმა.