მალე ევროპელებს 1 000 კუბურ მეტრ გაზში 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ - მედვედევი

პუბლიკა

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ Nord Stream 2-ის შეჩერების გამო ევროპელებს მალე 1 000 კუბურ მეტრ გაზში 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეაჩერა Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი. რას ვიზამთ, მოგესალმებით ახალ, მშვენიერ სამყაროში, სადაც ევროპელებს მალე 1 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ“, – წერს მედვედევი Twitter-ზე.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. გადაწყვეტილება გერმანიამ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო.

„ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით Nord Stream 2-თან დაკავშირებით“, – თქვა შოლცმა ირლანდიელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ სერტიფიცირების პროცესის განახლება რუსეთის ქმედებებზეა იქნება დამოკიდებული.

Nord Stream 2 -ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე არაერთხელ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მაშინ  Nord Stream 2 არ ამუშავდება.