ფედერაცია: ძალიან მალე გვეცოდინება, როგორ გაიყიდება Euro 2024-ის ბილეთები

პუბლიკა

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში „პუბლიკას” უთხრეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია UEFA-სთან ზუსტდება.

როდის გაიყიდება ბილეთები – ფედერაციაში ამბობენ, რომ ბილეთების გაყიდვის დეტალებზე ინფორმაცია „ძალიან მოკლე პერიოდში ექნებათ”.

ფეხბურთის ფედერაციაში „პუბლიკას” უთხრეს, რომ მიზეზი, რის გამოც ბილეთების გაყიდვა ამ დრომდე არ დაწყებულა არის ის, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება რამდენიმე დღის წინ მოიპოვა.

„საბოლოო დეტალების გავლა მიმდინარეობს უეფასთან. ძალიან მოკლე პერიოდში გვექნება საბოლოო, დეტალური ინფორმაცია ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით. აქამდე იმიტომ არ დაწყებულა ბილეთების გაყიდვა, რომ ჩვენ ახლა მოვიპოვეთ თამაშის უფლება. შესაბამისად, არის საკითხები, რომლის გავლაც არის საჭირო. დღეს გვექნება საუბარი ზუსტად ამ საკითხზე. როგორც კი საბოლოო დეტალები დაზუსტდება, ინფორმაციას გავავრცელებთ”, – გვიპასუხეს ფედერაციაში.

საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართავს, გერმანიის ყველაზე დიდ სტადიონზე, რომელიც 80 ათასამდე მაყურებელს იტევს.

UEFA/EURO2024-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ევროდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი 400 ევროა.