მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციაში გადაიყვანეს

პუბლიკა

მოძრაობა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერები – ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ სახლიდან პოლიციაში გადაიყვანეს.

მანამდე პოლიციამ როგორც მათი, ასევე, ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების, ზურა მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ზურა მახარაძის მეუღლე მედიასთან ამბობს, პოლიციაშია გადაყვანილი მახარაძეც.

„ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს – ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას.

ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში. როგორც მე ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ, უნდათ ჩვენი დაკითხვა და ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე… [ვთანხმდებით] მხოლოდ სასამართლოზე [დაკითხვას] და ადვოკატთან ერთად. გამოვთქვამ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს – „თბილისი პრაიდსა“ და მედიატერორისტებს, ტელევიზიებს.

მე ვაანონსებდი სისხლისღვრას იმიტომ, რომ ტერორი იყო თქვენი მხრიდან და შეიძლება, ჩვენც მომკვდარიყავით და სხვაც მომკვდარიყო“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.