მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბოლო პროცესი 11 იანვრისთვის გადაიდო

პუბლიკა

„თბს ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძემ მომდევნო სხდომა 11 იანვარს, 11:00-ზე ჩანიშნა.

გადადების საფუძველი პროკურატურის მოთხოვნა გახდა. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ რეპლიკის მოსამზადებლად მას გარკვეული დრო დასჭირდებოდა.

„პატივცემულო მოსამართლე, ვინაიდან საკმაოდ ვრცელი დასკვნითი სიტყვა მოვისმინეთ, როგორც გადმოგვცეს ჩვენ, არის 30 და 20 გვერდი. მეც თეზისებად ვინიშნავდი საკითხებს, რომლებიც არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან, დაახლოებით, 4 გვერდამდე ჩავინიშნე ასეთი საკითხი თეზისებად, […] გთხოვთ, მოგვცეთ დრო, გადავდოთ პროცესი, რომ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბოთ  რეპლიკა და შევეპასუხოთ დაცვის მხარეს“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

პროკურორის ამ განცხადებას დაცვის მხარისა და ბრალდებულების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რომ, თუკი პროკურატურა აქამდე ჩქარობდა, ახლა რატომ მოითხოვს პროცესის გადადებას და თუ მათ საკმარისი არგუმენტები აქვთ, რატომ გახდა საჭირო დამატებითი დრო.

11 იანვარს საქმის ჩანიშვნა სადღესასწაულო დღეებისა და მკურნალობის მიზნით ავთანდილ წერეთლის საზღვარგარეთ გამგზავრების გამო გადაწყდა. მოსამართლის განმარტებით, ახალ წლამდე პროცესის ჩანიშვნის შემდეგ განაჩენის გამოსატანად დათქმული 14 დღე შობა-ახალი წლის დღეებს დაემთხვეოდა, მას კი დასვენება სურს და ამ ვადასაც ვერ დაარღვევს.

მანამდე სასამართლო დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას ისმენდა. ადვოკატებმა, ზვიად კორძაძემ და კახა წერეთელმა, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალდებებზე ისაუბრეს განაცხადეს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის ბრალდება აბსურდია.

სხდომა ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

მომდევნო სხდომაზე მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ. საბოლოო სიტყვის უფლება ექნებათ ბრალდებულებსაც. ამის შემდეგ 14 დღის ვადაში მოსამართლე უფლებამოსილია, საქმეზე განაჩენი გამოაცხადოს.