მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე „ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს”.
მან მადლობა გადაუხადა „ოცნების“ თითოეულ „ჯარისკაცს“ და გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს – არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით.
მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა, მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, ურთულესია, არ არის მარტივი ამბავი. მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როცა ეს პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, მათ შორის თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე, რათა მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, გუშინ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, ხოლო დღეს დილით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კობახიძე და ივანიშვილი მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, თუმცა მან „დაარწმუნა“.
„ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ამაზე ბევრი კითხვა დაისმება და ამიტომ ვუსვამ ხაზს, ეს ერთი. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამის უფლებაც ავიღე, რომ გუნდის იმ ორი ლიდერის მხრიდან, ბატონი ბიძინას და ბატონი ირაკლის მხრიდან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე ჯობდა და არ იყო ვთქვათ ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და დამთანხმდნენ საბოლოო ჯამში.
რომ მეფიქრა დავუშვათ, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს ასეთი ჩემს გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“, – თქვა მდინარაძემ.
პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, სად მიდის პოლიტიკიდან, უპასუხა, რომ „ალბათ უფრო კერძო სექტორში, შეიძლება ჩემი ძალები ბიზნესშიც მოვსინჯო“.
„გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ამაზე არ მიფიქრია. ადრე ხუმრობით მილაპარაკია, რომ შეიძლება ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს. სიმართლე გითხრათ ახლა ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია. შეიძლება ბიზნესში მოვსინჯო ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რასაც კლასიკურად ეძახიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
ბოლო 1 წელში მამუკა მდინარაძემ 3 თანამდებობა გამოიცვალა. ბოლოს ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, თუმცა საჭირო იყო სახელმწიფო სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა, რასაც პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. პარლამენტში საშემოდგომო სესია სექტემბერში იხსნება, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო მინისტრის პოსტის შექმნას ხმას სექტემბერში დაუჭერდა.
იქამდე, 2026 წლის 30 აპრილიდან მდინარაძე სპეციალურად მისთვის შექმნილ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, ამავე დროს იყო ვიცე-პრემიერი.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.