მანდატურის სამსახური ლაგოდეხში ბავშვების მიმართ ძალადობა/ბულინგის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

მანდატურის სამსახური ლგოდეხის რაიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია სასკოლო სივრცეში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მანდატურის სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება. ამის მიუხედავად, როგორც კი მანდატურისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობის/ბულინგის ფაქტს, მან ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

„ამასთან, განხორციელდა შემთხვევის რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში.

ინციდენტში მონაწილე, ბრალდებული ქალბატონის მხრიდან დაუსაბუთებელი თავდასხმა მანდატურზე, სავარაუდოდ, იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ პოლიციაში შეტყობინება სწორედ მანდატურმა მოახდინა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

მანდატურის სამსახური სარგებლობს შემთხვევით და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ძალადობის ნებისმიერი ფაქტის შესახებ ინფორმაციის ფლობისთანავე მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კახეთის ერთ-ერთ რაიონში, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი კამათის შემდეგ, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნაცემი ბავშვის მშობელმა კონფლიქტში მონაწილე სხვა ბავშვები დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა. საუბარია, სავარაუდოდ, დედასა და ბებიაზე. დედამ ეს სცენა ვიდეოთი გადაიღო. ვიდეოში, სავარაუდოდ, ბებიის ხმაც ისმის.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც დამამაცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.