„მანგანეზი" მაღაროებს დროებით ხურავს - „უხვმა ნალექმა ნაპრალები წარმოშვა"

პუბლიკა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში ოთხივე მაღაროს დროებით ხურავს. მათი თქმით, უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა და ამის შედეგად წარმოქმნილი რისკები გეოლოგებმა უნდა შეაფასონ.

„ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო. კერძოდ, უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა.

ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ.

თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება”, – ნათქვამია განცხადებაში.