„მანიფესტაციებსა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“ – გიორგი გახარია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეკრებებს, მანიფესტაციებსა და გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, შესაძლებელია, საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა მანიფესტაციების დროს პირბადის ტარება გახდეს სავალდებულო, რასაც საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და რამდენიმე დღეში ვერ მოხერხდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შეკრების, მანიფესტაციებისა და გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი არ ემუქრება, მაგრამ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება, როგორც დახურულ შენობაში, ასევე გარეთაც. როგორც იცით, შეზღუდვა არის მხოლოდ დახურულ შენობაში, ხოლო გარეთ არის მკაცრი რეკომენდაცია. ყველას შეეძლება, მოაწყოს მიტინგი, რამდენიც ენდომება, ოღონდ, კანონის სრული დაცვით და შეიძლება, პირბადით. ოღონდ, ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და ეს ერთსა და ორ დღეში ვერ გაკეთდება. ამიტომ არავის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.