მანქანების მრეცხავი და კულტურული ობიექტების კონსულტანტი - გორის მერს 2 ახალი თანაშრომელი ეყოლება

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე თანხმობა გასცა გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოთხოვნაზე, დაემატებინა ორი ახალი თანამშრომელი. გორის საკრებულომ შესაბამისი განკარგულების პროექტიც უკვე მიიღო.

როგორც „პუბლიკას“ გორის საკრებულოში უთხრეს, განკარგულების მიხედვით, გორის მერიას მისი ფუნქციის სრულყოფილად შესასრულებლად ესაჭიროება ორი დამატებითი თანამშრომელი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრეცხავი და მერისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის არქიტექტურულ, კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გამწევი პირი.

ამ თანამშრომლებს გორის მერიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანენ. ამაზე საკრებულომ თანხმობა უკვე გასცა. გორის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

„მაშინ, როდესაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, უკიდურესი გაჭირვების გამო ტოვებს საკუთარ შვილებს, ტოვებს ოჯახებს და ემიგრაციაში მიდის, გორის მერი და მასთან დაახლოებული „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები კვლავ ხალხის ფულით განაგრძობენ საკუთარი კომფორტის მოწყობას,“- თქვა „TV პირველთან“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გორის საკრებულოში ნანა ლოთიშვილმა.

გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშილს ამჟამად ორი მოადგილე, ორი მრჩეველი და ორი თანაშემწე ჰყავს.