მანქანის მძღოლი, რომელმაც მე-10 სკოლასთან აქციაზე სახიფათო მანევრი შეასრულა და პოლიციელსა და მანქანას დაეჯახა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ წარმოება მიმდინარეობს 123-ე და 125-ე მუხლებით, რაც მანქანის გაჩერებაზე პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
29 ოქტომბერს დადიანის ქუჩაზე, სადაც მეორე დღეა მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს პროტესტის ნიშნად გზა აქვთ გადაკეტილი, ინციდენტი მოხდა.
გზაზე შეკრებილი ბავშვების და მათი მშობლების წინ BMW-ს მარკის ავტომობილი განზრახ რამდენჯერმე მკვეთრად შემოტრიალდა.
ადგილზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისიც ჩანს, როგორ ეჯახება მანქანა, სავარაუდოდ, პოლიციელს, შემდეგ კი იქვე მდგომ მანქანას.