მაქვს იმედი, რომ ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის წარმატებით დასრულდება - ჯანეზაშვილი

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია” პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე ვართ. ერთი წლის წინ როცა საქართველოს პარლამენტში მოსული იყო გავრილოვი იმის შემდეგ პროცესები მძიმედ განვითარდა და ბევრი თქვენგანი აქედან პირდაპირ სასამართლოში წავიდა. სასამართლოში სადაც არ დაგხვდათ დამოუკიდებელი მოსამართლეები და დაგხვდათ ისეთი ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანის ინტერესია, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არსებობდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს 30 წლიანი ბრძოლა, რომ ქვეყანას რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს და ისეთი ადამიანები ჰყავდეს სასამართლო ხელისუფლებაში, რომლებსაც ენდობიან და პატივს სცემენ, წარმატებით დასრულდება. სამწუხაროდ საქართველოში მძიმე ვითარებაა, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს წარმატებით დასრულდება 30 წლიანი ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო. სამწუხაროდ დღესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებელ სასამართლოს შექმნის. ნაცვლად ამისა თქვენ ნახეთ 6 თვის წინ საქართველოს პარლამენტმა დანიშნა მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, ადამიანები, რომლებსაც ნდობა არ გააჩნიათ. მე მაქვს იმედი, რომ თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ბევრ რამეს და შევძლებთ იმას, რომ მივაღწიოთ სამართლიან სასამართლოს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.


2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.