მარეგულირებელი კომისია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შენიშვნებს არაკეთილსინდისიერს უწოდებს

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციების მიერ „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შესახებ საჯაროდ წარდგენილ შენიშვნებს არაკეთილსინდისიერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო შენიშვნები საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და ანგარიშებში ცრუ ინფორმაციის მოხვედრას ემსახურება.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელ სხდომაზე კოალიციის წარმომადგენლებმა თავიანთი შენიშვნები ვერ დაასაბუთეს.

კომისია ამბობს, რომ დადგენილებაში ცვლილებების პროექტი 24 სამუშაო დღის განმავლობაში საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული იყო და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, შენიშვნები და მოსაზრებები კომისიისთვის წარედგინა.

„აღსანიშნავია, რომ დადგენილების ცვლილებასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება პირველად 2020 წლის მარტში დაიწყო და დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო სამი თვის განმავლობაში. თუმცა, კოალიციის მიერ შენიშვნების წარდგენა კომუნიკაციების კომისიის სხდომის წინ, ჯერ საჯარო სივრცეში მოხდა, რის შემდეგაც, კომისიაში ოფიციალური წერილი სხდომის დაწყებამდე მხოლოდ 10 წუთით ადრე შევიდა. ორგანიზაციის მიერ შენიშვნების მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პერიოდის წინ წარდგენა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებშია  საერთაშორისო ორგანიზაციების წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიშებში საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ დამახინჯებული და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნება“. – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება დადგენილებაში ცვლილებებს და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შენიშვნებს, კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ კოალიციის შეფასებები უსაფუძვლოა და მოუწოდებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრ ორგანიზაციებს, სამუშაო რეჟიმში ითანამშრომლონ კომისიასთან, თავი შეიკავონ საჯაროდ არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებებისგან.

ვრცლად კომისიის განცხადება იხილეთ ბმულზე.