მარგველაშვილი: ჩანს, ხელისუფლებამ არ იცის, რომ კონტრაქციებით საზოგადოებასთან გაუცხოება ხდება

პუბლიკა

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს, რომ კონტრაქციები საშიშია, როგორც ქვეყნის, ისე თავად ხელისუფლებისთვის. მარგველაშვილის თქმით, ასეთ აქციები ყოველთვის ნიშანი იყო, რომ ამის მერე საზოგადოების ხელისუფლებისგან გაუცხოება ხდებოდა.

„ის ხალხი, ვინც დღეს არის ხელისუფლებაში, პოლიტიკაში არამცთუ არ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. მათ რომ ენახათ, რამდენჯერ ყოფილა საქართველოში ასეთი კონტრაქციები და ეს იყო ერთმნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ამის მერე საზოგადოების სრული გაუცხოება ხდება ხელისუფლებასთან. ტელევიზიით მაინც რომ ენახათ – ეცოდინებოდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან საშიშია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათთვის პირადად.

მე ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს. ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტეს, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო იყოს, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს მე ვერ ვხედავ“, – თქვა მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიისგან განსხვავებით, უფრო გაზრდილი და ორგანიზებულია ოპოზიცია. ამის ნიშანია, რომ მათ შეძლეს ერთ ოთახში დასხდომა და მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის – სამართლიანი არჩევნებისთვის, – ამბობს მარგველაშვილი.

„მინდა, გავახსენო საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით ხოლმე? „გადადექი“ – ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ, არა „გადადექი“, არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება“, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმითვე, ამ პოლიტიკური პროცესიდან ერთი გამოსავალია, ადრე თუ გვიან, საზოგადოებამ შესრულებული დანაპირები უნდა მიიღოს.

„დღეს იქნება, ხვალ იქნება, ზეგ იქნება – ერთი გამოსავალი არსებობს: შეურაცხმყოფელი ტყუილი, რომელიც დაიდო აი, ამ პროპორციულზე უარის თქმით, ამ ტყუილში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ“.

LB loan image desktop LB loan image mobile