მარგველაშვილი ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს

პუბლიკა

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ის ზურაბიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბარს არ აპირებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი შერიგების პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო, მნიშვნელოვანია.

მარგველაშვილის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ ის სააკაშვილთან შესახვედრად შესვლას გეგმავს და შესაბამისი მოთხოვნით ოფიციალურად უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს.

„შევხვდი სალომე ზურაბიშვილს. ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვას ეთერში არ ვაპირებ. ბუნებრივია ვისაუბრეთ, იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომლებიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. ეს არის ადეკვატური და დროული პოზიცია საქართველოს პრეზიდენტის.

გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე მესამე პრეზიდენტს და ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცენ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება. ქართული კანონმდებლობით, ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პრივილეგია არ გამაჩნია და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას შევხვდე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.