მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა - პენიტენციური

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა.

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.


გიორგი მარგველაშვილი 20 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ სააკაშვილთან შესახვედრად შესვლას გეგმავს და შესაბამისი მოთხოვნით ოფიციალურად უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი Facebook-პოსტით გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ მზად არის მასთან შესახვედრად.

„მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციის გამო და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.