მარია კალესინკოვა დაკავებულია - ბელარუსის ხელისუფლების მტკიცებით, ის საზღვრის კვეთისას დააპატიმრეს

პუბლიკა

როგორც ბელარუსული მედიაგამოცემა TUT.BY წერს, ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კალესნიკოვა ამჟამად დაკავებულია. ბელარუსის ხელისუფლების მტკიცებით, კალესნიკოვა უკრაინის საზღვრის კვეთისას დააკავეს, მასთან ერთად იყვნენ ოპოზიციონერები – ივან კრავცოვი და ანტონ როდნენკოვი, რომლებმაც შეძლეს საზღვრის გადაკვეთა და უკაინაში გადასვლა.

როგორც TUT.BY წერს, ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტის წარმომადგენელი ანტონ ბიჩკოვსკი მათთან საუბარში ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თავიანთი მანქანით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რეგისტრაცია დაახლოებით დილის 5 საათზე გაიარეს. შემდეგ კი ბელარუსის გამშვებ პუნქტსა და უკრაინის გამშვებ პუნქტს შორის მონაკვეთზე, სადაც გაძლიერებული პატრულია, მათ მესაზღვრის სიცოცხლეს შეუქმნეს საფრთხე.

„ავტომობილი უეცრად აჩქარდა და იქ მყოფი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რა დროსაც, როგორღაც კალესნიკოვა მანქანიდან გადმოვარდა, დანარჩენი 2 მგზავრი კი არ გაჩერებულა და ავტომობილით უკრაინაში გადავიდა“, – განუცხადა ბიჩკოვსკიმ მედიაგამოცემას.

TUT.BY წერს, რომ ბელარუსის ხელისუფლებაში არ აზუსტებენ კალესნიკოვას დაკავების მეტ დეტალს, მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამჟამად დაკავებულია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარია კალესნიკოვა დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. პოლიტიკოსი 7 სექტემბრის დილით გაუჩინარდა, დღეს დილით კი ბელარუსის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ კალესინკოვამ თანმხლებ პირებთან ერთად ბელარუსი დატოვა და უკრაინაშია. მხოლოდ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კალესნიკოვა დაკავებული იყო.

როგორც TUT.BY წერს, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა და იურისტმა მაქსიმ ზნაკმა მათ უთხრა, რომ ოპოზიცისი ლიდერების შევიწროებაზე ერთ-ერთი საუბრისას მარია კალესნიკოვამ განაცხადა, რომ ზეწოლის მიუხედავად ის თავისი სურვილით არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა თავის ქვეყანას.