მმართველი პარტიის დეპუტატი მარიამ ლაშხი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში იმსახურებს. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა.
„გაიწეროს კრიტერიუმები, რა როგორ და ვიმსჯელოთ ამაზე… მშვიდობის ნაწილში, რა თქმა უნდა [იმსახურებს ნობელის პრემიას].
მე დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ეს… საქართველოს მაგალითს, როგორ შეინარჩუნო ასეთ ტურბულენტურ პერიოდში მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყანაში… აუცილებლად ექნება აღიარება.
რა თქმა უნდა [ღარიბაშვილის დამსახურებაა], როდესაც ქვეყნის ლიდერია და ქვეყნის ლიდერი განსაზღვრავს ქვეყანაში პოლიტიკას. ნობელი იქნება თუ რა იქნება, მე უბრალოდ ვიძახი, რომ აღიარება აუცილებლად იქნება. შეიძლება დღეს და ხვალ ამ გამოწვევის ფონზე არა, მაგრამ არის, იყო ისეთი საუბრებიც, რომ ზოგადად აღიარება იმის, რომ საქართველომ ამ პერიოდში, ამ ტურბულენტურ პერიოდში ასე მშვიდობიანად გაიაროს, ნამდვილად დასაფასებელია და ვფიქრობ, აღიარება იქნება”, – თქვა მარიამ ლაშხმა გადაცემა „დროებასთან“.
ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ პოსტი რამდენიმე დღის წინ პრორუსმა პროპაგანდისტმა ვალერი კვარაცხელიამ დაწერა. ის მიიჩნევს, რომ მშვიდობის დარგში ირაკლი ღარიბაშვილი იმსახურებს ნობელის პრემიას. ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხს უმრავლესობის ლიდერები და წევრები ძირითადად თავს არიდებენ, თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც იმსახურებს პრემიას.