მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

პუბლიკა

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩოლოიანის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განუცხადა.

მისივე თქმით, არა თუ მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან, არამედ არც ერთი სხვა პოლიციელის მხრიდან პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ არ ყოფილა იძულება, მუქარა ან სხვა კანონით გაუთვალისწინებელი ქმედება.

„მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვანს ეკონტაქტება პოლიციის განყოფილებაში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები. მედიის საშუალებითაც  ვრცელდება ინფორმაცია, რომ  პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ სხვა ნეიტრალური პირებიც, რომელთა გამოკითხვაც ხდებოდა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე და აღნიშნული პირები, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რაიმე კანონდარღვევა მარიანა ჩოლოიანის მხრიდან არ ყოფილა“, – ამბობს ადვოკატი.

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.