მარილის ტომრების შემოწმებისას სატვირთოდან 1 171 აბი მეტადონი ამოვიღეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან 195 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.დ. გეგმავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონის საქართველოში შემოტანას.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა დანაშაულის სისრულეში მოყვანის სავარაუდო მარშუტი. თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკისას, მ.დ.-ს კუთვნილი ტვირთის – მარილის ტომრების შემოწმებისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით- 1171 აბი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს“, – აცხადებს შსს.

შსს აღნიშნავს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.