მარინა ეზუგბაია მე-19 გარდაცვლილი პაციენტის ანამნეზის შესახებ

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე მე-19 გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ისაუბრა.

„ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქოემოციური სფერო… პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ასევე კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობას ვუწევდით. უშუალოდ მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვსაუბრობდით. ორივეს შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობ მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, რომელიც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს. პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო. პირველწყარო ლენჯერს უკავშირდება ამ შემთხვევაში“, – განმარტა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გარდაცვლილის ინფიცირება 19 აგვისტოს დადასტურდა. ყველა კონტაქტში მყოფი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.  გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული. ეზუგბაიას თქმით, ისინი კოვიდცენტრებში მკურნალობენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 1 პაციენტი გარდაიცვალა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1429
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1150
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 6018
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41