მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად წულუკიანმა გოგი მარგველაშვილი დანიშნა

პუბლიკა

რეჟისორი, გოგი მარგველაშვილი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გოგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო 4 წლის ვადით საქართველოს კულტურის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა.

სამინისტროს ცნობით, გოგი მარგველაშვილი 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

2009 წლიდან დღემდე ის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.