მარნეულის ერთ-ერთ უბანზე პირმა სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მაგალითად მოყვანილია არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტი: მარნეულის #13.22.65 უბანზე ორგანიზაციის  დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დადასტურება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას.

TI-ის რეკომენდაციები:

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;
  • ცესკომ დაყოვნების გარეშე, მაქსიმალურად სწრაფად უნდა უზრუნველყოს პირველადი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის საქმიანობასთან დაკავშირებით;
  • საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება.
  • საარჩევნო უბნები შესაბამისი მოწყობილებებით უნდა აღიჭურვოს, რათა დაინტერესებულ მხარეებს პრობლემა არ შეექმნას საკუთარი უფლებამოსილებებთან დაკავშირებით.
  • საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობის ასამაღლებლად საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მუშაობა არჩევნების დღის პროცედურებში ელექტრონული საშუალების დანერგვაზე.