მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამბობს, რომ მთავრობის წევრი მის მოწამვლას ცდილობდა

პუბლიკა

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ამბობს, რომ მოქმედი მთავრობის წევრი მის მოწამვლას გეგმავდა და გადაბირებული ჰყავდათ მონაზონი, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა. ამ თემაზე მან ქადაგების დროს ისაუბრა.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ ეს პიროვნება უშიშროების უწყების წარმომადგენელია. მისივე თქმით, მონაზონს ერთი წლის განმავლობაში „ამუშავებდნენ“ და ეუბნებოდნენ, რომ ეპისკოპოსისთვის საჭმელში საწამლავი ჩაეყარა ან კონკრეტული საწამლავი მისთვის ხელზე წაესვა და ერთ საათში ცოცხალი აღარ იქნებოდა.

მან მრევლს ასევე უთხრა, რომ ეს მონაზონი 2 თვის წინ ეპარქიიდან გააგდო, ხელისუფლების ის წარმომადგენელი კი, რომელიც მის მოკვლას ცდილობდა, დაცვასთან ერთად სცემეს და რომ ახლა მისგან ყოველნაირი პროვოკაციაა მოსალოდნელი.

„პერსონიფიცირებას მე თავს ავარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან ერთად ლუკმას ტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმებად მიმაჩნდა… მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი ღვთივდადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით. დღეს წაკითხულ სახარებაში ნათქვამია ნიკოდიმოსი ამბობს, განა ჩვენი რჯული დასჯის ადამიანს ისე, თუ არ მოუსმენსო? სწორედ ეს ადამიანი დაიბარეს, წაუყენეს ბრალდება, მოუსმინეს და მე, როგორც ეპარქიის მწყემსა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ…. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, შიდა ოჯახის რაღაც და ეს პიროვნება ჰყავდათ, არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის „დავერბორკებული“. არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი, რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისგან.

ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, რადგან მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. მე ვფიქრობ, მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება“, – თქვა მარნეულის ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ ეს ადამიანი ახლა ვითომ აშანტაჟებს, სხვა პიროვნებას უგზავნის, რომ ბოდიშის მოსახდელად მიუშვან და „მესამე სიტყვით, ვითომ საპატრიარქოში მიდის საჩივლელად“. სასულიერო პირი ამბობს, რომ მას შეუძლია სინოდალურ სხდომას მიმართოს, დაწეროს ოფიციალური განცხადება, „თუ გამართლდება, მე დავტოვებ მღვდელმთავრობას, თუ არ გამართლდება, მე უკვე გამოტანილი მაქვს მისთვის განაჩენი“.

„პუბლიკა“ ცდილობს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებას. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.