მარნეულში დირექტორის მიერ მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

მარნეულის ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორს მოსწავლის ოჯახი ბავშვის ცემაში ადანაშაულებს.

ოჯახის ახლობელმა, ჯეიხუნ კარაევმა, რომელიც ახლა მოსწავლის ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობასთან იმყოფება, „პუბლიკას“ უთხრა, რომ შემთხვევა დღეს მოხდა. ბავშვმა მას უამბო, რომ დირექტორმა სკოლის დერეფანში სცემა. მოსწავლის მამამ და ბაბუამ პოლიციას მიმართეს.

„ბავშვმა თვითონ მითხრა, რომ (დირექტორი) გაბრაზებული მივიდა, არაფერი დამიშავებია, დერეფანში დავდიოდი და მცემაო. ბავშვი 11 წლისაა. მამამისი მეგობარია ჩემი. პოლიციაში არიან ახლა. გამოძიება მიმდინარეობს. ჯერ არ დამთავრებულა გამოკითხვა. პოლიციის შენობის წინ არიან ბავშვის ნათესავები, მამა და ბაბუა“.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაცია მოსწავლის შესაძლო ცემის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. „მარნეულში, სოფელ ულაშლოს სკოლის დირექტორმა უკაცრავად სკოლის იმპერატორმა 11 წლის სკოლის მოსწავლეს სცემა! გავიგე, რომ ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე არიან“, – წერს ბაიარამოვა.