მარნეულში ვირუსის გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ ბაირამს - სუბარი

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარნეულში კორონავირუსული ინფექციის გავრცელება უკავშირდება ნოვრუზ ბაირამს. მისი თქმით, ნოვრუზ ბაირამის პერიოდში არანაირი საჯარო დღესასწაულები არ გამართულა. სუბარმა ამისთვის აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

„არანაირი გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ ბაირამს. რომელიც ამ დღეებში იყო და ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. ნოვრუზ ბაირამის პერიოდში არანაირი საჯარო დღესასწაულები არ იმართებოდა. ეს მოხდა პირველად, მგონი, ისტორიაში. ყველა აღნიშნავდა სახლში, აბსოლუტურად მოწყვეტილი დანარჩენი მეზობლებისგან თუ მოქალაქეებისგან. ამ მხრივ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით აზერბაიჯანელ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ მითითებებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებამდე ვერ მივიდა ის განგაშის ზომები, რაც ქვეყანაში იყო, რადგან ისინი  მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებს უყურებდნენ.

„ერთადერთი, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსმვამდი, ის განგაშის ზომები, რომლებიც იყო ქვეყანაში და ის, რასაც ყველა ქართულენოვანი ტელევიზია გადასცემდა და ასევე, ვაწვდიდით ჩვენს აზერბაიჯანელ თუ სომეხ მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე, შესაძლოა, ეს განგაშის ზომა იმ დონემდე არ იყო ამ ადამიანებში, რადგანაც ისინი მეზობელი ქვეყნის ტელევიზიებს უყურებდნენ, რადგან იქ არ იყო განგაშის იგივე ზომა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


23 მარტს მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების წყაროს დადგენა კი, პრემიერის თქმით, ვერ მოხერხდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სავარაუდოდ, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების – წლისთავის დროს.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმში დაწესდა.