„მარში ღირსების გარეშე“ - GDI-ის ანგარიში 5 ივლისის მოვლენებზე

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“GDI აქვეყნებს ანგარიშს სახელწოდებით „მარში ღირსების გარეშე“.

ორგანიზაციის თქმით, სათაურში გამოკვეთილია რეალობა, რომ 5 ივლისი, „ღირსების მარშის“ დღე საბოლოოდ სიძულვილის, აგრესიის, ძალადობის დღედ გადაიქცა.

GDI წერს, რომ ანგარიში წარმოაჩენს LGBTQI+ თემის მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით არსებულ პრობლემებს და ამ ჭრილში განხილულია სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და LGBTQI+ თემის მიმართ გატარებული პოლიტიკა.

მათი ცნობით, ანგარიში ასახავს 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჰომოფობიურ კონტექსტში განვითარებულ მოვლენებს და მათ წინმსწრებ პერიოდს. აღნიშნული მოვლენები ასევე შეფასებულია მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ანგარიშის ძირითადი მიგენებები

  • 5 ივლისს განხორციელებული თავდასხმის ფაქტები აშკარად აღწევს არასათანადო მოპყრობის მინიმალურ სტანდარტს, რადგან ამ ქმედებებმა მსხვერპლებს, ანუ მედიის წარმომადგენლებს, LGBTQI+ თემის წევრებსა და აქტივისტებს აღუძრეს შიშის, ტანჯვის, დაუცველობის და დამცირების განცდა, რაც დასტურდება შემდგომში თავად დაზარალებულების ნაამბობით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ევროკონვენციის) მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებამ LGBTQI+ თემის წევრები და მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები სათანადოდ არ დაიცვა სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მუქარისგან, აგრესიისა და ძალადობისგან მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის რეალური რისკის არსებობის შესახებ.
  • რაც მთავარია, ხელისუფლებამ არა თუ არ დაიცვა სათანადოდ LGBTQI+ თემის წევრები და მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები, არამედ თავად წაახალისა მათზე ძალადობა „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ მიმართული ჰომოფობიური და ანტიდემოკრატიული განცხადებებით.
  • საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ევროკონვენციის მე-11 მუხლის დარღვევით, ხელისუფლებამ არ უზრუნველყო LGBTQI+ თემის წევრების, მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ „ღირსების მარშის“ გამართვა, ანუ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა უსაფრთხო გარემოში. აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ მარშის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას შესთავაზეს ალტერნატიული მარშრუტი და ასევე წინასწარ აწვიდნენ ინფორმაციას მუქარის, მოსალოდნელი ძალადობის ორგანიზების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ სიძულვილის ჯგუფები თავად აცხადებდნენ საჯაროდ მარშის ჩაშლის გეგმების შესახებ. აღნიშნულის ფონზე „ღირსების მარშის“ ორგანიზატორები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ დაცვის კონკრეტულ გარანტიებსა და პრევენციულ ღონისძიებებს, რაც არ შესრულდა.
  • ზემოაღნიშნული უფლებები ევროკონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში დისკრიმინაციული, ჰომოფობიური მოტივით დაირღვა.
  • საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და ევროკონვენციის მე-10 მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებას არ ჰქონია ეფექტური რეაგირება სიძულვილის ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების აღსაკვეთად. შესაბამისდ, მან არ უზრუნველყო ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება უსაფრთხო გარემოში.
  • LGBTQI+ თემი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ულტრანაციონალისტური და სიძულვილის ჯგუფების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. როგორც ამ ჰომოფობიური გამოცდილებიდან, ისე 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ხელისუფლება სისტემურად არ უზრუნველყოფს LGBTQI+ თემის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით ეფექტურ სარგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს LGBTQI+ თემის უფლებების დაცვის რეალური ნება დაინტერესი, რითაც უგულებელყოფს კონსტიტუციურ და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.