მარშის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერი თქმით, მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად მარშის ჩატარება და მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად სხვა ალტერნატიული ლოკაცია შეარჩიონ.

„მე მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშის ჩატარება,  ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, და ჩვენ ამას ვიღებთ როგორც მოცემულობას. ჩვენ გვესმის მათი ეს სურვილები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო და გააკეთა. რამდენიმე დღის წინ მათ ჩაატარეს უსაფრთხოდ რამდენიმე ღონისძიება.

მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, თუ რატომ, ამას განვმარტავ. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი; მეორე შსს არის მუდმივად კონტაქტზე, ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ აღნიშნული მარშის ჩატარება რუსთაველზე შეიცავს საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა, მივმართო, მათ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი აქციები, პირიქით, ხელს უწყობს მათ დისკრიმინაციას: „როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის დისკრიმინაცია“.


დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშის გამართვაა დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.