ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა „ევროსკოპთან“ საუბარში დაასახელა სამი ბერკეტი, რომელიც ევროკავშირს შეუძლია გამოიყენოს საქართველოსთან მიმართებაში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ.
„აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომლებიც ქუჩაში გადიან და იბრძვიან ევროპული პერსპექტივისთვის. ევროკომისია და პირადად მე მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და რამდენიმე ორგანიზაციას მის ფარგლებს გარეთ.
მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ნამდვილად გვაღელვებს დემოკრატიულ პროცესში უკუსვლა. ასე რომ, მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს: დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა და თქვენ ეს უნდა უზრუნველყოთ.
რა შეიძლება გავაკეთოთ. იცით, რომ სანქციები აქვთ დაწესებული ადამიანებს. განხილვა შეიძლება სამი მიმართულებით წავიდეს – პირველი შესაძლოა, იყოს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, რაც არ მსურს, რომ განვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, ქართველი ხალხი იმსახურებს, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი.
გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება. რამდენიმე დებულება შეიძლება გაუქმდეს იმის გამო, რაც საქართველოში ხდება და მესამე ნაწილი იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რასაც ასევე არ ვისურვებდი მთელი მოსახლეობისთვის, რადგან იმსახურებენ, რომ ისარგებლონ თავისუფალი უვიზო მიმოსვლის სისტემით.
შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ პიროვნებების მიმართ და ჩამოვართვათ თავისუფალი მიმოსვლის უფლება. ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა და გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. როგორც იცით, საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზადყოფნას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, – უთხრა კოსმა „ევროსკოპს“.
დღეს მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა:
„საქართველო იმის შეხსენებაა, რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს – როცა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დავიწყებთ, ეს არ ნიშნავს ავტომატურად ევროკავშირისკენ წინსვლას. მაშინ როცა ათასობით ადამიანი ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოდის, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტიც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი უკუსვლის ნიშანია, მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებთან ერთად.
კაია კალასთან ერთობლივ განცხადებაში ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიგონ თავიანთი მოქალაქეების ცხადი მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის და გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, დემონსტრანტი და პოლიტიკური ლიდერი და ამას კვლავ გავიმეორებთ.
პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზეა. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნების განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ხელისუფლება გადადგამს სანდო ნაბიჯებს დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად”, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ“.