მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ვადა დღეს იწურება - სემეკი

პუბლიკა

„მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი“, – ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა (www.gnerc.org/ge/covid-19), სადაც მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, მაგრამ  სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ მარტის შეღავათით, თავიანთი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ. მოქალაქის მიერ ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება.

„პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად, სამივე თვეზე“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.