მარტკინენკო: დარტყმები უნდა მივაყენოთ დასავლეთის ზღვარგადასულ კონტროლს საქართველოში

პუბლიკა

ანტიდასავლური და რადიკალური ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ორგანიზებით სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ომბუდსმენის ოფისთან გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ალტ-ინფოს“ თანადამფუძნებელი შოთა მარტკინენკო. მისი თქმით, მომავალში მათმა მხარდამჭერებმა დარტყმა დასავლური ინსტიტუტებს უნდა მიაყენონ.

„მნიშვნელოვანია, მობილიზება განვახორციელოთ და ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ მობილიზება სწორ დროს და სწორი მიმართულებით მივმართოთ, ჩვენი ძალები მოწინააღმდეგე მხარის ძალების თანასწორი არაა. ჩვენ შეიძლება უმრავლესობაში ვართ, მაგრამ მათ მხარეს არის კოლოსალური მხარდაჭერა დასავლეთიდან. აქცენტები სწორი მიმართულებით უნდა დავსვათ, ვის უნდა დავარტყათ, რომელ ინსტიტუტებს.

ამ ყველაფრის უკან დგას ევროკავშირი და აშშ-ის საელჩო. ისინი ცდილობენ დააშინონ ხალხი. ჩვენ დარტყმები უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით და არ მოვდუნდეთ. სახალხო დამცველი დასავლური სტრუქტურების ინსტიტუტია საქართველოში და ამ ინსტიტუტებზე უნდა მივიტანოთ რეპუტაციული დარტყმები. მომავალში ჩვენი დარტყმის მიმართულება უნდა იყოს აქეთ. დარტყმები მომავალში უნდა მივაყენოთ დასავლეთის ზღვარგადასულ კონტროლს საქართველოში“, – განაცხადა მარტკინენკომ.

აქციაზე მონაწილეებს ჰომოფობიური და დისკრიმინაციული შინაარსის ბანერი უჭირავთ.