ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტის შეწყვეტისთვის ვადამდელი არჩევნების ალტერნატივა უნდა იყოს „წონიანი“, მისთვის კი ასეთი ალტერნატივა მართლმსაჯულების რეფორმაა, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრს, ლევან თარხნიშვილს მიაჩნია, რომ გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები, მართლმსაჯულების რეფორმა არ არის საკმარისი წინადადება. მისივე თქმით, არ ჩანს რამე ნიშანი, რომ „ქართული ოცნება“ რამე წინადადებაზე წამსვლელია.
„ჩვენი აზრით, გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები ან ნაბიჯები, რომლებსაც ახალი არჩევნებისკენ მივყავართ. მართლმსაჯულების რეფორმა ჩვენთვის არ არის საკმარისი წინადადება რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, არ გვჯერა „ქართული ოცნების“ არც ერთი დაპირება. არც ერთი საჯაროდ აღებული პირობა მათ არ შეასრულეს. შესაბამისად, არავითარი ნდობა „ქართულ ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან არ აქვს.
მეორე, მათ უკვე გვიპატაკეს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა უკვე ჩატარებულია. მესამე, არავითარი ნიშანი, რომ რაიმე წინადადებაზე წამომსვლელები არიან. ჯერჯერობით არ ჩანს. შესაბამისად, სპეკულაციები მესამე რაუნდზე არის უბრალოდ ნიადაგმოკლებული, რადგან არ ვიცით, ჩატარდება თუ არა საერთოდ ეს მესამე რაუნდი. მეორე, წარმოდგენა არ გვაქვს, როდის ჩატარდება და მესამე, წარმოდგენა არ გვქვს, რა წინადადებით მოვა ჩვენთან „ქართული ოცნება“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ამილახვარი კი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელია და მომავალ რეფორმებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში. მან ასევე განაცხადა, რომ იკვეთება იმის კონტურები, რომ III რაუნდზე მხარეები შეთანხმდებიან.
„იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება. ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი და ჩვენ გავაგრძელოთ ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებზე პარლამენტში მუშაობა. ახლა დეტალებზე საუბარი არ გამოვა.
„ოცნების“ მმართველობის პირობებში სასამართლო დამოუკიდებელია, მიღწეულია მნიშვნელოვანი რეფორმები, გაგრძელდება მართლმსაჯულების რეფორმა, ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ახლა მოლაპარაკებების წინ ამ საკითხის განხილვა არ არის სწორი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
„მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ZOOMიერი ჯაფარას“ მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მხარდამჭერის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გირჩის“ წევრებს იმედი არ აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ მსგავსი წინადადებით გამოვა, თუმცა თუ ეს მოხდება, ისინი ამბობენ, რომ ბოიკოტს დათმობენ.