მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ პირობებში და მოპედის მართვისთვის სავალდებულო მოწმობა | რა შეიცვალა კანონში

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენაზე 81 ხმით დაუჭირა მხარი. ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარებასა და მოპედების რეგისტრაციას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის ავტორის, შსს-ს ცნობით:

►კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს მოპედის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში მოქცევა. ცვლილების შედეგად, მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი – „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღება. შესაბამისად, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

► მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლით. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე ექნება უფლება, მართოს „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

► აღსანიშნავია, რომ „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 28 მარტამდე, რის შემდეგაც ის სავალდებულო გახდება.

► თავდაპირველ, გარდამავალ პერიოდში, მოპედების რეგისტრაცია ასევე იქნება შესაძლებელი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.

კანონპროექტის ერთ-ერთ უმინიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეფორმა. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი წესი „B” და „BE” კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით ან მის გარეშე) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის – 2022 წლის 7 ნოემბრიდან.