მას საკვებს აწვდიან მხოლოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირები - მინისტრი სააკაშვილის შესაძლო მოწმავლაზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწმავლასთან დაკავშირებით ადვოკატების განცხადებებს პასუხობს.

მინისტრის თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე ექსპრეზიდენტს დაენიშნა ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.

ბრეგაძე ამბობს, რომ მედიკამენტებით მოწამვლაში ექიმების დადანაშაულება ამორალურია, ხოლო საკვებს მას მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირები აწვდიან.

„ეს დასკვნა ოფიციალური დასკვნა არავის უნახავს. როდესაც იქნება და ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ხელთ გვქონდეს დასკვნა, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ საკითხზე სერიოზულ მსჯელობას.

რაც შეეხება მოწამვლას: ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა  მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექსპერტიზას, როდესაც მივიდნენ ექსპერტები, თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი.

დანარჩენი რაც შეეხება, მაგალითად, დასვით შეკითხვა, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო… მედიკამენტები – მედიკამენტებს აწვდის სამედიცინო პერსონალი, არაერთი ცილისმწამებლური კამანია ვნახეთ, რაც პირდაპირ შეიძლება შეფასდეს როგორც ექიმის საქმიანობაში უკანონო ჩარევა. თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე  გაბედავს და იტყვის, რომ შეიძლება, ექიმმა ვინმე მოწამლოს, ეს სრულიად ამორალურია.

მეორე, საკვებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც მას აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ოჯახის წევრები და სხვა პირები, რომელზეც მან განაცადა თანხმობა.

შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს მედიკამენტებზე და საკვებზე,  კეთილი უნდა ინებოს, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, თუ ვისზე საუბრობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილსი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სისხლში აღმოჩენილია სხვადასხვა ნივთიერება, რომელიც შეიძლება სააკაშვილის მოწამვლაზე მიუთითებდეს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით მედიისთვის და საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი.