მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

პუბლიკა

ძებნის მეორე დღეს, მაშველებმა ლენტეხის რაიონში, 3000 მეტრის სიმაღლეზე, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. დაშავებული კონტაქტურია და თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა.

მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. დაშავებული კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებდა გადაადგილებას“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.