მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა ვეღარ დარჩება პოლიტიკაში - ღარიბაშვილი ენმ-ზე

პუბლიკა

„ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!“, – წერს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ღარიბაშვილი თავიდან აზიარებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაწერილ პოსტს, რომელშიც ის დეზინფორმაციულ პროპაგანდაზე საუბრობდა:

„ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა რაც მათგან მომდინარეობს, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის შექმნით, ბიზნესის დატერორებით და ადამიანების ქონებების წართმევით, ასიათასობით მოქალაქეების გასამართლებით და მათი ცხოვრების დანგრევით, ქვეყანაში უსამართლობისა და უთანასწორობის დამკვიდრებით“, – წერდა ის ენმ-ის მისამართით.

მიმდინარე კვირას „ქართული ოცნების“ ოფისში რამდენიმე ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, ყალბი ახალი ამბების შექმნის სხვადასხვა მეთოდზე, არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად მიჩნევის სქემასა და „რევოლუციურ შტაბებზე“ ისაუბრეს.

ამ ყველაფრის საპასუხოდ ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება, ამიტომაც ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას.