მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ

პუბლიკა

დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მასწავლებლების ტესტირებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20% სავალდებულო სისტემატურ ტესტირებას გაივლის, 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლაში დასაქმებული ყველა პირი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.