მშობელი კვლავ შეძლებს აირჩიოს, საკლასო ოთახში ისწავლის მოსწავლე თუ დისტანციურად - სამინისტრო

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო პირველი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმებს შორის.

მათივე განმარტებით, თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებს – ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.online.emis.ge.

რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.

სამინისტროს ცნობით, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა.

ეკატერინე დგებუაძემ სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება (აღნიშნული ჩანაწერი ეხება სკოლის მხრიდან სწავლა-სწავლების პროცესის შერეული მოდელით ორგანიზებას, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებს ასევე აქვთ საშუალება აირჩიონ საკლასო ოთახში ისწავლიან მათი შვილები თუ ონლაინ)  სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.

დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ მასწავლებლების ტესტიტებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.