მათიკაშვილი გაფრინდაშვილს: თქვენი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება საბჭოთა ხელისუფლებაა?

პუბლიკა

პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს პარლამენტი ოთხ კანდიდატს მოუსმენს. პირველი კომიტეტის წინაშე ლელა გაფრინდაშვილი წარდგა. მმართველი პარტიის სახელით კანდიდატს კითხვები დავით მათიკაშვილმა დაუსვა.

კითხვები შეეხებოდა სოციალურ ქსელში ლელა გაფრინდაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებსაც. მათიკაშვილის თქმით, მისი მიზანია, ლელა გაფრინდაშვილის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებიდან გამოიტანოს დასკვნები, რამდენად არის ის მიკერძოებული.

მათიკაშვილმა ლელა გაფრინდაშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხებოდა.

  • მათიკაშვილი: თქვენ სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გაქვთ გაკეთებული, დეოლიგარქიზაციას არ უჭერენ მხარს პოლიტიკოსები. არადა, 80 მლნ-ზე მეტის მქონე ადამიანს ეს კანონი ოლიგარქად გამოაცხადებს და მედიის და პარტიის დაფინანსებას აუკრძალავსო. მინდა გკითხოთ, არსებობენ საქართველოში ოლიგარქები დღეს ? თუ კი, ვინ არიან ისინი?

  • გაფრინდაშვილი: არ ვიცნობ ამ საკითხს ისე კარგად, რომ გიპასუხოთ, ვინ არიან ოლიგარქები. ოლიგარქების სია არ მგონია, რომ არ არსებობდეს, პოლიტიკური ძალები, მით უფრო მმართველი პარტია დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ასეთი სია არსებობდეს. თუ მე რომელიმე მონაცემთა ბაზაში ასეთ ინფორმაციას ვნახავ, ვისაუბრებ. ჩემი საქმიანობა ამ მომენტში ამ სფეროსთან დაკავშირებული არაა. მიმაჩნია, რომ ოლიგარქები პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდნენ, მათი საქმე პოლიტიკა არაა. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ფული პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდეს და პოლიტიკა უნდა აკეთოს ხალხმა და არა ფულიანმა ხალხმა.

  • მათიკაშვილი: როცა თქვენ თვლით რომ კანონი მისაღებია, აქ ხომ ირიბად ჩადებულია ის, რომ თვლით, რომ არსებობენ ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგაც უნდა იყოს მიღებული ეს კანონი?

  • გაფრინდაშვილი: მარტო მე არ ვთვლი ასე, მე ვიცი სხვების საჯარო გამოსვლები, მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორების გამოსვლები. მე არ მაქვს აჩემება რომელიმე ოლიგარქთან დაკავშირებით. მე გითხარით ჩემი პოზიცია, დეოლიგარქიზაციას იმას უნდა ნიშნავდეს რომ არსებობდეს ზღვარი რამდენი ფული უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში.

მათიკაშვილმა ლელა გაფრინდაშვილის ასევე შეახსენა მისი სხვა განცხადება, სადაც ის წერს, რომ „ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ხალხმა ვერ მოვიშორეთ პოსტსაბჭოთა ხელისუფლებები და ვერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში პატრიოტი, უკომპრომისო და პოსტსაბჭოთა სისტემისგან შეურყვნელი ადამიანები. დღევანდელი ხელისუფლება საბჭოთა ხელისუფლებაა თქვენი აზრით ?“ – ჰკითხა მათიკაშვილმა.

  • გაფრინდაშვილი: დიახ, პოსტსაბჭოთა ხელისუფლებაა. ეს პოლიტიკური და ფილოსოფიური ტერმინია.
  • მათიკაშვილი: და ვერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში პატრიოტი და უკომპრომისო ადამიანები?
  • გაფრინდაშვილი: დიახ, უმრავლესობაში ვერ მოვიყვანეთ.
  • მათიკაშვილი: აჰა, პატრიოტი და უკომპრომისო ადამიანები დღეს ხელისუფლებაში არ არიან? თქვენ მაინც თვლით, რომ დღეს ამდენი რეფორმის შემდგომ, მაშინ, როცა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ხელისუფლება, მიდგომები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, კიდევ არის გამოყოფილი კვალი საბჭოთა ხელისუფლებაში?
  • გაფრინდაშვილი: თქვენ ინტერპრეტაციას აკეთებთ. გამსახურდიას ხელისუფლების დროსაც არ გვქონია დეიურე ადამიანის უფლებების აღიარების პრობლემა. ჩვენ გვაქვს დე ფაქტო ამ უფლებების და კანონების რეალიზაციის პრობლემა. თუ არ დამეთანხმებით ჩვენს მსჯელობას აზრი არ აქვს.