„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ და 84 ხმით მხარი დაუჭირა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ერთ-ერთი ცვლილებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება აიკრძალება.

ამავე კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.

მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომუნიკაციების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, მოქმედ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს ასოცირებით შეთანხმებული ვალდებულებების, კერძოდ აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ ევროკავშირის დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციას.

„ეს არის ჩვენი ვალდებულება და წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა ცვლილებები საჭიროა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში სრულყოფილად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ოდიშარია და ქეთევან დუმბაძე.


მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში.